ISSN 2587-5191 (ბეჭდვითი)
ISSN 2667-9817 (ელექტრონული)

შედარებითი სამართლის ქართულ-გერმანული ჟურნალი“ – ეს არის ქართველი და გერმანელი იურისტების მიერ მომზადებული პერიოდული გამოცემა, რომლის მიზანიცაა ქართული სამართლის აქტუალური პრობლემების მიმოხილვა შედარებით-სამართლებრივ ჭრილში.

გერმანული სამართლის გადმოღება და ზოგადად, ნებისმიერი სამართლის სისტემის რეცეფცია, არ არის პროცესი, რომელიც კანონში იდენტური ნორმების გაწერით სრულდება. პირიქით, ეს წარმოადგენს მხოლოდ მის დასაწყისს, ხოლო დასასრული არის თვითმყოფადი და თვითკმარი სამართლის სისტემის შექმნა, რომელსაც ძალუძს უკვე საკუთარი წიაღიდან იმ წესებისა და სამართლებრივი ინსტიტუტების გენერირება, რომლებიც მხოლოდ მისთვის არის დამახასიათებელი. ქართული სამოქალაქო სამართალი ამ მიზნისაგან ჯერ, სამწუხაროდ, ძალზე შორსაა. როგორც უკანასკნელი საკანომდებლო ცვლილებები ცხადყოფენ, ქართველი კანონმდებელი ყოველთვის ეძებს რაიმე კონკრეტულ გადაწყვეტას უცხო ქვეყნის მართლწესრიგში, რომლის კალკირებასაც შემდეგში მოახდენს. ხშირად ნიმუშად ირჩევს არა მხოლოდ გერმანული სამართლის ოჯახის მართლწესრიგებს, არამედ ანგლო- -ამერიკულს, რაც, ჩვეულებრივ, წარუმატებლად სრულდება. ეს სამართლის სისტემებისა თუ სისტემების ცალკეული ელემენტების ნაზავი, როგორც წესი, შეუძლებელია და შედეგად მხოლოდ „უცხო სხეულების“ წარმოშობას იწვევს, რომლებიც სხვა სამართლებრივ ინსტიტუტებთან ვერ თანაარსებობს და შეუძლებელს ხდის მწყობრი სამართლებრივი სისტემის შექმნას.

ამის საპირისპიროდ, აუცილებელია არა კონკრეტული წესებისა და სამართლებრივი ფიგურების გადმოღება, არამედ იმ ფუნდამენტური დოგმების გასიგრძეგანება, რომლებიც მათ უკან დგას და რომელთა გამოაშკარავებაც მხოლოდ შედარებით-სამართლებრივი დისკურსის ფარგლებშია შესაძლებელი. ქართული სამართლის განვითარება შესაძლებელია არა მექანიკური კოპირებით, არამედ მართლწესრიგთა შეპირისპირებით, რომლის დროსაც გამოიკვეთება კონკრეტული მართლწესრიგის დამახასიათებელი ნიშან-თვისებები და რაც საწინდარია არა მხოლოდ უცხო, არამედ, პირველ რიგში, საკუთარი სამართლის უკეთ გაგებისა. აქ გადამწყვეტი როლი სამართლის მეცნიერებამ უნდა ითამაშოს, რადგან მხოლოდ მას შეუძლია სამართლის სისტემის იმ ძირითადი ჩონჩხის შემქნა, რომელიც შემდეგში იურიდიული პროფესიის ყველა წარმომადგენელს მისცემს საშუალებას, თავისი წვლილი შეიტანოს მის განვითარებაში. ჟურნალი მიზნად ისახავს სწორედ ამ ტიპის დისკუსიისათვის პლატფორმის შექმნას.

ჟურნალი ატარებს სასწავლო-სამეცნიერო ხასიათს, სადაც, ტრადიციული ტიპის სტატიების გარდა, წარმოდგენილი იქნება ისეთი რუბრიკები, როგორებიცაა: „კაზუსის ამოხსნა“, „საბაზისო კაზუსები“, „სასამართლო გადაწყვეტილების ანალიზი“ და ა. შ. პოტენციურ ავტორებად მოიაზრება ქართველი და უცხოელი იურისტები, რომლებიც მუშაობენ შედარებით-სამართლებრივ თემატიკაზე. ჟურნალი, ცალ-ცალკე გამოცემის სახით, გამოიცემა, როგორც ქართულ, ისე გერმანულ ენებზე.

წინამდებარე პუბლიკაცია გამოიცემა გერმანიის საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის ფონდის (IRZ) ფინანსური მხარდაჭერით.

გერმანიის საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის ფონდი (IRZ) შეიქმნა 1992 წელს და ამ დროიდან გერმანიის იუსტიციის ფედერალური სამინისტროს დაკვეთით დახმარებას უწევს პარტნიორ სახელმწიფოებს სამართლებრივი რეფორმების გატარებაში. ასეთი პროცესების მხარდაჭერა წარმოადგენს IRZ-ის ამოცანას, რომლის ფარგლებშიც ცენტრალური მნიშვნელობა ენიჭება პარტნიორი სახელმწიფოს ინტერესებს.

საქართველოსთან IRZ-ის თანამშრომლობა ეფუძნება საქართველოს და გერმანიის იუსტიციის სამინისტროთა 2005 წლის შეთანხმებას, რომლის განხორციელებაც 2006 წლიდან მიმდინარეობს. თანამშრომლობის მთავარი სფეროებია: საერთაშორისო შეთანხმებებისა და ხელშეკრულებების იმპლემენტაცია ქართულ კანონმდებლობასა და სამართალში, საკონსულტაციო საქმიანობა სისხლის სამართალში და სასჯელაღსრულების სფეროში და პრაქტიკოსი იურისტების განგრძობითი იურიდიული განათლება.

არქივი